სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი საბედაშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ამ ეტაპზე შეჩერებულია.
შესაბამად, მისი თქმით, ამ ეტაპზე ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხის გამნილვა IPRM-ის შეხვედრის ფარგლებში ვერ ხერხდება.
ირაკლი ბებუა ოკუპანტებმა ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს და მას ე.წ. სასამართლოსგან 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
გიორგი საბედაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"ცხელი ხაზი ირაკლი ბებუას საკითხთან დაკავშირებით ზუსტად ისე როგორც ბატონ ზაზა გახელაძის საკითხზე, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურდება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები სამწუხაროდ, პანდემიის გამო ამ ეტაპისთვის შეჩერებულია. იქაც კი სადაც ერგნეთში, ცხინვალის მიმართულებით IPRM ფუნქციონირებს, იქაც კი ვერ შევძელით შეხვედრის ჩატარება პანდემიის გამო. სწორედ ამიტომ, პანდემია ობიექტური მიზეზია რის გამოც ახლა ეს შეხვედრები ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უცვლელად არის ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში. მნიშვნელოვანი რაც არის, ირაკლი ბებუასთან დაკავშირებით, ის, რაც ბატონ ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით მომავალშიც გველოდება. გამოკვეთილია შექმნილი ვითარება, ვიცით რასთან გვაქვს საქმე. რამდენადაც რთულია ეს ოჯახისთვის რომ ვიცით ე.წ. სასჯელი რამხელაა, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მძიმეა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, თუმცა ამას აქვს მეორე მხარე. მეორე მხარე არის ის, რომ ვიცით, სად ვდგავართ ამ წუთას. დამერწმუნეთ, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველასთან, ვისაც გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმისთვის, რომ მოხდეს ირაკლი ბებუას გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. ვერ გეტყვით ზუსტ თარიღებს, იმიტომ რომ იქნება ძალიან არაპროფესიონალური ჩემი მხრიდან ამის გაჟღერება,“ - ამბობს გიორგი საბედაშვილი.