17 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
მნიშვნელოვანია განცხადება, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში - პოლიტიკოსები სტოლტენბერგის განცხადებაზე

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს შანსებსა და რეპუტაციას ამცირებს ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ასევე, ეს დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის რეფორმების წარმატებაზე, ის, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს ჩვენი ინტეგრაცია ნატოში. ამ მოცემულობაში, როდესაც ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს და ფაქტობრივად, საარჩევნო პროცესს "ქართულმა ოცნებამ" გამოაცალა დემოკრატიული დატვირთვა და შინაარსი, მიუხედავად იმისა, თუ რა კეთილგანწყობა და თუ მხარდაჭერა შეიძლება არსებობდეს ნატოში ჩვენი გაწევრიანების თვალსაზრისით, წინ მოძრაობა გაგვიჭირდება, სამწუხაროდ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.

"ნატოს გენერალური მდივანი ბუნებრივია, ნატოს წარმოადგენს და მუდმივად აკეთებს განცხადებას საქართველოს რეალურ წევრობაზე, ეს არის კარგი, ოღონდ გაცილებით უკეთესია, როდესაც ამას მოსდევს კონკრეტული ნაბიჯები ინტეგრაციისთვის. ნატოს, გარდა სამხედრო სტანდარტებისა, აქვს სხვა ბევრი სტანდარტი - ეს არის ეკონომიკა, დემოკრატია და ის პროცესები, რომელიც დღეს საქართველოშია, პოლიტიკური კრიზისი და სხვა, რა თქმა უნდა არ აახლოებს საქართველოს ნატოს სტანდარტებთან და რეალურ წევრობასთან," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას და დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ხელს ვერაფერი შეუშლის.

"ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ვერცერთი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად მისი საგარეო პოლიტიკური ამბიციების თუ ბირთვული არსენალის სიდიდისა ამ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს," - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა, რომ "საქართველოს ნატოს წევრობა სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს, ეს მხოლოდ საქართველოს და ალიანსის მოკავშირეების გადასაწყვეტია." იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა. ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნატოს როლი ამ ქვეყნებისადმი სხვადახვა მიმართულებით მხარდაჭერის უზრუნველყოფაა.

დღის ამბები