2008 წლის ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც დღეს გახდება ცნობილი, ქართულ მხარეს პოზიტიური მოლოდინები აქვს.
უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება და რუსეთი სასამართლოსგან ნაკისრ ვალდებულებებს აღასრულებს.
"მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ყავს არასანდო ხელისუფლება, ჩვენი ინტერესების დაცვით დასრულდება სტრასბურგის სასამართლო. იმდენად მართლები ვართ, შეუძლებელია საქართველოს გამტყუნება, თუმცა აქტიური ხელისუფლების შემთხვევაში, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე.
"საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი საქართველოს სასარგებლოდ არ დამთავრებულიყო, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროპული სასამართლო რუსეთის ფედერაციას, როგორც აგრესორ სახელმწიფოს, რომელიც ქართულ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოს თავს დაესხა და მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც დღესაც გრძელდება, მიიღებს იმ ვერდიქტს, რომელიც ეკუთვნის,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.
"ეს არის მაღალი დონის სასამართლო, რომელიც სწორ შეფასებებს გააკეთებს და ამ თვალსაზრისით, მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ამას დასჭირდება დიდი ძალისხმევა და შრომა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე საიმისოდ, რომ შესაბამისი აღსრულება მოყვეს ცალკეულ გადაწყვეტილებებს. სასურველია, რომ სირთულე გადაწყვეტილების აღსრულებას არ ექმნებოდეს, მაგრამ თუ გაჩნდება ასეთი სირთულე, ევროპული სამართალი ითვალისწინებს გარკვეულ მექანიზმებს,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
საქმეზე მოსმენა დღეს თბილისის დროით დღის 14:00 საათზე დაიწყება. 15:00 საათზე კი იუსტიციის მინისტრი ბრიფინგს გამართავს.