საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე ის მიზნობრივი ჯგუფები აიცრებიან, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
"დღეს საქართველო ტექნიკურად მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. მოგეხსენებათ, რომ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია ეს ვაქცინა მიიღოს, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ ფაქტობრივად მზად ვართ, უახლოეს პერიოდში ეს ვაქცინაცია დავიწყოთ.
გარდა ამისა, მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს არის პრინციპული პოზიცია, როგორც ჩვენი, ასევე ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და მათ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.