პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მიმართავს "ქართულ ოცნებას" და აცხადებს, რომ ის და მისი პარტიის წევრი ლევან იოსელიანი მზად არიან უმრავლესობას საჯაროდ და ტელეკამერების თანდასწრებით შეხვდნენ.
რიგგარეშე არჩევნები და პლებისციტი, პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება - ეს ის საკითხებია რისი განხილვაც ელისაშვილს უმრავლესობასთან სურს.
"ჩვენ ჩვენი სათქმელი ვთქვით. ცდა არ დავაკელით, რომ მეხუთე რაუნდი გამართულიყო, თუმცა როგორც ვთქვით, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენი გადაწყვეტილება არის ის, რომ მივმართავთ საჯაროდ და ოფიციალურად "ქართულ ოცნებას" და ვამბობთ, რომ მე და ლევან იოსელიანი ვართ მზად "ქართულ ოცნებას" შევხვდეთ საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით. ეს არის რიგგარეშე არჩევნები და პლებისციტი, ეს არის პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება - ამ 4 საკითხთან დაკავშირებით გვაინტერესებს "ქართული ოცნების" მზაობა," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.