17 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
2021 წლის 21 იანვარი დარჩება ქვეყნის ისტორიაში დღედ როდესაც საქართველომ რუსეთზე გაიმარჯვა - თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე 

სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი დავა მოიგო, თეა წულუკიანი ეხმაურება. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ 2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში შევა დღედ, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა რუსეთზე. 

თეა წულუკიანის თქმით, გამარჯვების უკან უამრავი ადამიანის შრომა და თავდაუზოგავი მუშაობა დგას. 

"2021 წლის 21 იანვარი დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ დღეს, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა რუსეთზე და როდესაც ჩვენ ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავამტკიცეთ ის სიმართლე, რომელიც ჩვენ ყველამ, ქვეყნის შიგნით ძალიან კარგად ვიცოდით.

ძალიან კარგად ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამის სამართლებრივი დოკუმენტი რომელიც გამოცემული იქნებოდა ნეიტრალური ინსტიტუტის მიერ, დღემდე ჩვენ ხელში არ გვქონდა. დღეიდან, ჩვენ ხელთ გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთშიც და ე.წ. ბუფერულ ზონებში ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და რომ ის რეალურად ოკუპანტი ხელისუფლებაა.

ჩვენ ამ გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. არსებითი განხილვა ამ საქმეზე დაიწყო 2013 წლიდან, მანამდე მიმდინარეობდა დასაშვებობის პროცედურები და 2018 წლამდე ჩვენ წარვადგინეთ ასეულობით ახალი მტკიცებულება ამ საქმეზე. ამიტომაც, დავიწყებდი მილოცვის შემდეგ მადლობით, ვინაიდან, თქვენ უნდა იცოდეთ რომ ამ საქმეზე გამარჯვების უკან იდგა არა ერთი საჯარო მოხელე იუსტიციის სამინისტროდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და რასაკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტროდან," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები. 

"ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ჩვენი სამოქალაქო პირების და სამხედრო ტყვეების არა ადამიანური მოპყრობა და წამება ჩაიდინა. ამ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, გადაწვა და გაძარცვა ქართველების საკუთრება და სახლები.

ამ დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ცხინვალის იზოლატორში ასეულობით ქართველი სამოქალაქო პირი დაექვემდებარა არა ადამიანურ მოპყრობას და დადგინდა შესაბამისად, ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი. ამ დოკუმენტში მნიშვნელოვანია ის, რომ ითქვა დარღვევები ეხება არა მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ 8 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს ზოგ შემთხვევაში და ზოგიერთ შემთხვევაში 10 აგვისტოდან დაწყებულ პერიოდს. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სამხედრო ტყვეები დაკავებულ იქნენ და აქ დადგინდა უკანონო დაკავების ფაქტები და დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განაჩენით ნათქვამია, რომ ეთნიკური წმენდის შემდეგ, დევნილად დარჩენილი ადამიანების დაბრუნების ხელშეშლას ახორციელებს სწორედ რუსეთი და არა რომელიმე თვითაღიარებული და არ აღიარებული წარმონაქმნი," - ამბობს თეა წულუკიანი.

დღის ამბები