პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში მოგებული ისტორიული გამარჯვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიულოცა.
მამუკა მდინარაძემ ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც აღნიშნულ შრომასა და ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა, განსაკუთრებით კი თეა წულუკიანს.
"ნება მომეცით, რომ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მოვულოცო ისტორიული გამარჯვება.
დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იქ, სადაც სიმართლეა მთავარი არგუმენტი, იქ, სადაც სიმართლე ჭრის, ასე ვთქვათ, იქ იმარჯვებს საქართველო, მათ შორის, ოკუპანტის წინააღმდეგ.
დღეს საქართველომ მოიგო გრძელვადიანი სამართლებრივი ომი რუსეთის წინააღმდეგ და დიდი ხნის შრომის შედეგი ნამდვილად დაფასდა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ შრომასა და ბრძოლაში იყო ჩართული, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი თეა წულუკიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, ამ ტრიბუნასთან იდგა.
შესაბამისად, საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის შეუქცევადი პროცესისათვის.
საქართველოს დღევანდელი დღიდან, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, აქვს მყარი საფუძველი სამართლებრივად მოთხოვოს ოკუპანტ ქვეყანას ყველა იმ ქმედების განხორციელება, რომელიც საჭიროა საქართველოს დეოკუპაციისათვის. დაწყებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის აღდგენიდან რამდენადაც ეს შესაძლებელია, დამთავრებული თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში თავისი სამხედრო ძალებისა და შენაერთების გაყვანით საქართველოს ტერიტორიიდან.
ეს ისტორიული დღე ჩაიწერება მართლაც ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში და ეს არის ერთ-ერთი მყარი გამარჯვება ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.