17 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
ხელში გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, ამიერიდან, რაც უნდა, ის ილაპარაკოს რუსეთმა - თეა წულუკიანი

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც თეა წულუკიანმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმ ფაქტის სამართლებრივად გასამყარებლად, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. 

"დადგა ის დღე, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამიერიდან, რაც უნდა, ის ილაპარაკოს რუსეთმა. მას შეუძლია გააგრძელოს საუბარი იმაზე, რომ თითქოს ის ოკუპანტი არ არის, მას შეუძლია გააგრძელოს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არაფერ შუაშია, ეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ცარიელი ლაპარაკია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ არ გვქონდა ხელში სამართლებრივი დოკუმენტი, ჩვენ დღემდე გვქონდა ძალიან დიდი შრომის შედეგად მოპოვებული არაღიარების პოლიტიკის პოლიტიკური რეზოლუციები, განცხადებები და ა.შ. მაგრამ  არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა იმ სიმართლეს, რაც თქვენ იცით, რაც თითოეულმა ქართველმა იცის, რომ საქართველო აგვისტოს ომის საქმეში და ოკუპაციის თემაზე, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის მართალი.  

"დღეიდან, ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც არ საჩივრდება, რომელიც არის სამართლებრივი დასკვნა და რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ფუძემდებლურ დოკუმენტად დღეიდან." - ამბობს თეა წულუკიანი. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

დღის ამბები