პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება ბოლო 13 წლის განმავლობაში - საქართველომ რუსეთს სტრასბურგში დავა მოუგო. დიდმა პალატამ რამდენიმე საათის წინ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაზე მეტად ემოციების შეკავება იმ ადამიანებს გაუჭირდათ, რომლებიც ახლა წეროვანში ცხოვრობენ და საკუთარი თვალით ნახეს ის ყველაფერი, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა.
"ღმერთს ვთხოვ, რომ საქართველოს მომავალმა გაიმარჯვოს".
"მეუღლე ეზოში მომიკლეს, 13 წელი ველოდებოდით, რომ რუსეთის დანაშაული დამტკიცებულიყო".
"იმედი გაგვიჩნდა, რომ იქნებ კიდევ შევძლოთ ჩვენს სახლებში დაბრუნება".
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისთვის. სტრასბურგმა დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის. სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.