ვინ დაიწყო ომი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთმა ჩანაწერმა, სადაც წერია, რომ 8-დან 12 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის ეფექტური კონტროლის დადგენა გაუჭირდათ მოსამართლეებს - საზოგადოებაში კითხვის ნიშნები გააჩინა.
რუსეთი 8-დან 12 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ერთ პუნქტშია გამართლებული, რაც მკვლელობების გამოუძიებლობას გულისხმობს. სხვა ყველა პუნქტი, სადაც რუსეთი გამტყუნდა, ამ პერიოდის შემდგომ ვადა ეხება. შესაბამისად, გაჩნდა კითხვები, ხომ არ მოირგებს მოსკოვი ამას სათავისოდ იმის სათქმელად, რომ ომის დაწყებაში არ არის დამნაშავე.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები კი ამას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ეს პუნქტები ამას არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს და რუსეთს ლავირების შესაძლებლობას ეს ჩანაწერი არ უტოვებს. ეს იმიტომ, რომ რეალურად სტრასბურგის სასამართლო იკვლევს ჰუმანიტარულ დანაშაულს და მას არ ეხება ეროვნული კონფლიქტები. ეს ჰააგის სასამართლოს პრეროგატივაა, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ამ მიმართულებით სტრასბურგის გადაწყვეტილება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ზურგს უმაგრებს, რომ სამართალს მიაღწიოს.
"ევროპული სასამართლო ადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას და ის მაინცდამაინც სამხედრო კონფლიქტების შეფასებაში არ ერევა ხოლმე. შესაბამისად 8-12 აგვისტოს პერიოდზე შეფასება იქიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ მიანიშნა, რომ აქტიური მოქმედებების ფაზა არ არის მისი განსახილველი, რადგან ამ პერიოდში მოქმედებს ჰუმანიტარული სამართალი და არა ევროპული კონვენცია.
შესაბამისად, ჰუმანიტარული სამართალი უნდა იყოს გამოყენებული, რომელსაც სხვა სასამართლოები მიხედავენ. კონკრეტულად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს ჰააგის სასამართლო იძიებს," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისთვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისთვის. სტრასბურგმა დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის. სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.