17 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოს დეოკუპაციისთვის სამართლებრივი და დიპლომატიური წარმატების საფუძველს შექმნის - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისთვის სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის.

მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ისტორიული გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის.

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცედენტო ისტორიული, საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც, ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის ჩვენი ქვეყნის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

დღის ამბები