17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
თუ "მოქალაქეებთან" შეთანხმება შედგა, ის ღია იქნება ხელმოსაწერად სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით მათი და "მოქალაქეების" პოზიციები იმდენადაა დაახლოებული, რომ შეხვედრები, შესაძლოა, მოლაპარაკებით დასრულდეს. 

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ "მოქალაქეებთან" შეთანხმება შედგა, ის ღია იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც.

"პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია.

ჩვენ ამ მოლაპარაკების ფარგლებში კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ჩვენი მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა.

ეს არის, პირველ რიგში, ბარიერის დაწევის საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეს არის უფრო დაზუსტებული რეგულაციები საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, ეს არის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა საარჩევნო პროცესში.

პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს შორის არ მიიღება - პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც უნდა წყდებოდეს, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ - არა, ეს არის მართლმსაჯულების საკითხი.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ეხება ცესკოს დაკომპლექტების წესს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც მონაწილეობს პროცესში და პარლამენტში შესულია, იყოს წარმოდგენილი, სხვა არაერთი საკითხი დგას დღის წესრიგში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოლაპარაკების შედეგად შევძლებთ შეთანხმებას რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ღიაა სხვა პოლიტიკური პარტიებისთვისაც, ვისაც მიაჩნია, რომ ის სამართლიანი პირობები, რაც პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები გადავამოწმოთ ყველამ ერთად საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, პარლამენტში და, ასევე, ჩვენ ვთვლით, რომ თუ ასეთი შეთანხმება შედგა, ის ღია იქნება სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ხელმოსაწერად, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შეთანხმებამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას სხვა ოპოზიციურ პარტიებს,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში შედგა. 

დღის ამბები