ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო გახლავთ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნატოს შტაბ-ბინაში მორიგი სტუმრობა საქართველოსა და ნატოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.
"ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ნატოს შტაბ-ბინაში, სასიამოვნოა თქვენი ხილვა და თქვენი აქ დასწრება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოსა და ნატოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
საქართველო გახლავთ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა გვაკავშირებს. გამოწვევების, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, ნატო და საქართველო აგრძელებენ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ნატო-საქართველოს კომისიის დღევანდელ შეხვედრას, ჩვენს მიღწევებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ და შევაფასებთ, რისი გაკეთება შეგვიძლია შემდგომში. გასულ წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გავაფართოვეთ, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში.
ჩვენი ძირითადი პრიორიტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას. პრეზიდენტმა და მე შეხვედრაზე განვიხილეთ ტრენინგები და წვრთნები, საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერება. დღეს ჩვენ ასევე შევეხეთ უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში და რუსეთის მიერ სამხედრო მშენებლობის გაგრძელებას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას რუსეთის მიმართ, გამოიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება და გამოიყვანოს ჯარები," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც შეეხო.
"ადამიანის უფლებათა სასამართლოს დავესესხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ რუსეთი დადანაშაულებულია ადამიანის უფლებების დარღვევაში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართალს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ პროგრესი, რომელსაც საქართველო ახორციელებს რეფორმების სფეროში. ეს არის გადამწყვეტი, რადგან პროგრესი რეფორმირების კუთხით უფრო გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატოს წევრობასთან. ჩვენ დღეს მივმართეთ ასევე მხარდამჭერ მისიას ავღანეთში. საქართველო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო ნატოს მისიაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სამხედროების პროფესიონალიზმს და იმ მსხვერპლს, რომელიც თქვენ გაიღეთ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ დღეს აქ იმყოფებით, თქვენი ვალდებულებისთვის ნატოსა და ჩვენი პარტნიორობისათვის. ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო უსაფრთხოს და დაცულს ხდის," – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.