პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის წინააღმდეგი არ არის.
კითხვაზაე - იყო თუ არა "ქართული ოცნებიდან" კომუნიკაცია "გირჩთან" შეხვედრისა და საუბრის თაობაზე - ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ამგვარ წინადადებას ადგილი არ ჰქონია.
"მე კი არ ვარ წინააღმდეგი რომ შევხვდე, უბრალოდ საკითხი იმაშია, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ანუ, მე რომ პროპორციული არჩევნები მჭირდება უბარიერო და ყველა დონეზე, ეს ხომ ისედაც ცნობილია? და მე რომ მჭირდება, ამისთვის რომ ნაციონალური მოძრაობა შემოვიდეს, ესეც ხომ მნიშვნელოვანია?“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ თუკი მოთხოვნებზე მმართველი გუნდი დათანხმდა, ის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შეხვდება და მათგან მოისმენს, რა არგუმენტი აქვთ რომ არ შევიდნენ პარლამენტში.
"მაშინ მე უნდა მივიდე ნაციონალურ მოძრაობასთან, ლელოსთან, სტრატეგია აღმაშენებელთან, ბატონ შალვასთან, ევროპულ საქართველოსთან და ვკითხო ამ ხალხს, დამიმტკიცონ, რომ თუ პროპორციული უბარიერო არჩევნები მიღწეული გვაქვს და რომ ეს საბოლოოდ გავაფორმოთ და საბოლოოდ შევცვალოთ ეს მახინჯი საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და რომლის გამოც, მათ შორის პრობლემები შეგვექმნა ამ არჩევნებზე, თუ ეს უკვე მივაღწიეთ, მაშინ რა არგუმენტი აქვთ მათ, რომ არ შემოვიდნენ პარლამენტში. და მე ეს გავაკეთო ღიად, რომ ჩემმა ამომრჩეველმა იცოდეს. ჩვენი ბევრი პრობლემა ახლა არის ის, რომ ჩვენ მივაჩვიეთ ჩვენი ამომრჩეველი რაფინირებული სადღეგრძელოებით საუბრით.
მე ზოგადად, არ მაქვს პრობლემა შეხვედრების და საუბრის. თუ ჩემს კოლეგას, სურს, და იმედია ოდესმე იქნება რომ მთავრობამ ეს შეზღუდვები გააუქმოს, იმიტომ რომ აუტანელი ხდება, მემგონი თვითონ მთავრობა და ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაზაფხულზე მართლა ბუნტი გვქონდეს, მაგრამ ეს კაფეები რომ იყოს გახსნილი, მე არ მაქვს პრობლემა რომ კაფეში დავჯდე და ყავა დავლიო და ველაპარაკო, ოღონდ საქმისთვის იყოს ეს მნიშვნელოვანი,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
კითხვაზე - შეხვდება თუ არა ქართულ ოცნებას ელჩების გარეშე - ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ მას შეხვედრის პრობლემა არ აქვს.
"ბატონ არჩილს გავიცნობდი და მოვუსმენდი მის მოსაზრებებს, რომ გავიგოთ ერთმანეთის პოზიცია. ჩვენი პოზიცია ისედაც ცნობილია, ამიტომ არ ვიცი რამდენად საჭიროა ეს შეხვედრა. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, არც ერთ შეხვედრას, არც ერთ საუბარს არ გავექცევი,“ - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.