კომპანია ”Inn ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ამბობს, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სახმელეთო საზღვარი, ჯერჯერობით, არ იხსნება, არასწორი მიდგომაა.
მისი თქმით, იმისათვის რომ ქვეყანაში ტურიზმი აღდგეს, უნდა გაიხსნას სახმელეთო საზღვარი, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.
ერეკლე კოკაიას თქმით, შესაძლოა, საზღვარი გაიხსნას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდი ან ვაქცინა აქვთ ჩატარებული. ასეთ შემთხვევაში, მისი თქმით, ტურიზმის სექტორისთვის გაურკვეველია, რატომ არ შეიძლება გაიხსნას სახმელეთო საზღვარი.
"დღეს გაირკვა, რომ არ გახსნიან სახმელეთო საზღვარს, რაც, ჩვენი აზრით, არასწორი მიდგომაა. პირიქით, იმისთვის, რომ ტურიზმი აღდგეს, პირველ რიგში, უნდა გაიხსნას სახმელეთო საზღვარი გარკვეული შეზღუდვებით. მაგალითად, პირველი ეტაპისთვის შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ საზღვარი გაიხსნას მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ანტისხეულები. ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული, ან ვისაც კოვიდი აქვს გადატანილი. თვითონ ეპიდემიოლოგები და ექსპერტები გვეუბნებიან ჯანდაცვის სფეროდან, რომ ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, იმას აქვს ანტისხეულები და თუ ანტისხეულები გაქვს, მაშინ შენ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენ სხვებისთვის და სხვები არ წარმოადგენენ საფრთხეს შენთვის.
შესაბამისად, ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ არ გაიხსნა საზღვარი ასეთი ადამიანებისთვის. ლოგიკური ახსნა არ აქვს.
ფრენების აღდგენა არის სინამდვილეში უბრალოდ სიტყვების თამაში, რომ ლამაზად ჟღერს. თუ არავის არ ექნება შემოსვლის საშუალება, მაშინ იაროს ცარიელმა თვითმფრინავმა აქეთ იქით, ეს ჩვენთვის არანაირი გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იმყოფება წითელ ზონაში, სხვა ქვეყნებში, მაგალითად, დუბაიში შესაძლებელი იქნება ქართველებისთვის გაფრენა, მაგრამ იქაური ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა შეუძლებელი იქნება. ანუ, ამ ფრენების აღდგენა რეალურად გამოიწვევს ფულის გადინებას და არა შემოდინებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის პირიქით, საზიანოა,“ - ამბობს ერეკლე კოკაია.
კომპანია ”Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი იმ პუნქტების შესახებ საუბრობს, რომელიც ტურიზმის სფეროში მომუშავე მსხვილმა კომპანიებმა შეიმუშავა. საუბარია გეგმაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს საქართველოში ტურიზმი.
"პირველი პუნქტი რაც იქნება, თუ შეიძლება დაიწყოს პირდაპირი კომუნიკაცია არა უახლოეს მომავალში, არამედ დღეიდან, თუნდაც ხვალ შევხვდეთ, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის და ისეთ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებენ, როდესაც მეორე მხარეს არ მოუსმენენ.
მეორე იქნება, რომ აუცილებლად გაიხსნას სამთო-სათხილამურო კურორტები, ყველანაირი წესების და რეკომენდაციების დაცვით.
მესამე არის, რომ გაიხსნას სახმელეთო საზღვრები გარკვეული შეზღუდვებით. მაგალითისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აცრა აქვს გაკეთებული ან ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი და აქვთ ანტისხეულები.
აგრეთვე, საჭიროა დაიწყოს მოლაპარაკება ფრენებზე, ოღონდ ისეთი ფრენები კი არა, რომ ცარიელი თვითმფრინავი ივლის, არამედ ისეთი თვითმფრინავი, რომლითაც უცხოელებს შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა გარკვეული შეზღუდვებით,“ - აცხადებს ერეკლე კოკაია "დღის კურიერში".