17 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია - იუსტიციის მინისტრი

სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ის, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, საერთაშორისო თანამეგობრობაში ამაზე კონსენსუსია, რას ცვლის ამით ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება - ამაზე იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ  "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და  განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის. 

მისივე განცხადებით, ის, რაც სტრასბურგმა გამოაქვეყნა, არის იურიდიული ენა და შესაბამისად, ჩვენ მყარად შეგვიძლია ვთქვათ - სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.

"ეს არის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის იურიდიული კვალიფიკაცია და სამართლებრივი ფაქტი. ეს თვისობრივად, განსხვავებულია პოლიტიკური ფორუმების შეფასებისაგან. აღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს დეოკუპაციისათვის. თუკი შევხედავთ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, აქამდე სასამართლო იყენებდა ცნებას  - ეფექტური კონტროლი, რომელიც ამავდროულად, ნიშნავდა ოკუპაციას, ამ შემთხვევაში კი, მან პირდაპირ გამოიყენა ცნება - ოკუპაცია რეგიონებთან მიმართებაში. 

ეს არის ის იურიდიული ენა, რომელსაც გადაწყვეტილებაში სასამართლო იყენებს, ე.ი. ჩვენ შეგვიძლია მყარად ვთქვათ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთის ოკუპაციის ქვეშ არის საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი,"- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. 

 

დღის ამბები