"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.
უგულავას განმარტებით, სასამართლოს მიერ მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს დაწესებული, თუმცა გუშინ ის საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა.
"შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს.
ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია," - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც მიმართავს.
"ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ," - წერს უგულავა.