17 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილებით აღჭურვილებმა უნდა დავიწყოთ საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან ჩვენი საკითხის დაყენება, რომ რუსეთმა პასუხი აგოს - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დაიწყოს აღნიშნული გადაწყვეტილების აქტიური გამოყენება საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ დოკუმენტით უნდა დაიწყოს აქტიური ლობირება იმის, რომ რუსეთმა პოლიტიკური პასუხი აგოს მის ქმედებებზე და იმაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება. 

"პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დავიწყოთ აქტიურად გამოყენება ამ გადაწყვეტილების საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში. გავიდა 8 წელიწადი, რუსეთი აგრძელებს დღესაც. ძალიან ბევრი რამ, რისთვისაც მას დაეკისრა სტრასბურგში პასუხისმგებლობა, დღესაც ხდება. დანაშაულს სჩადის განგრძობითად რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ უკვე მრავალი წელიწადია, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხეთ, რომ მათ რაიმე დისკომფორტი შეექმნათ იმის გამო, რასაც ისინი აკეთებენ.

დღეს, როდესაც ხელში გვიჭირავს სტრასბურგის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ვიცით, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, არანაირ ნაბიჯებს არ გადადგამს, იმიტომ, რომ რუსეთმა კონსტიტუციაში ჩაწერა უკვე, რომ არ აღიარებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ემუქრება ამ სასამართლოს დაფინანსების გაუქმებით და ზოგადად მის იურისდიქციას უგულებელყოფას უკეთებს.

ამ გადაწყვეტილებებით აღჭურვილებმა უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ჩვენი საკითხის დაყენება. იმიტომ, რომ იმის ნაცვლად, რომ ჩირგვებში დავიმალოთ, როგორც ამას აკეთებდა ეს ხელისუფლება წლების მანძილზე უკრაინასთან დაკავშირებულ სანქციებს, რომ არ უერთდებოდა, დადიოდა აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე და არწმუნებდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ წინა ხელისუფლების ბრალი იყო რუსეთთან ომიც, ურთიერთობების გაფუჭება, ამის ნაცვლად, ხელში უნდა დაიჭირონ სტრასბურგის გადაწყვეტილება და დაიწყოს ძალიან აქტიური ლობირება იმის, რომ რუსეთმა პოლიტიკური პასუხი აგოს ყველაფერზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

 

დღის ამბები