17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ივანიშვილის პარტიის მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება, საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს - ევროპარლამენტარი

"ორი ჯორჯიის ამბავი" - გამოცემა "ნიუ ევროპა" ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი პოლონელი ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნერცკია.

როგორც ევროოპარალმენტარი წერს, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ოპონენტების "ტრამპის სტილის" პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო.

"ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ გასარკვევია, გაწყვეტს თუ არა მასთან კავშირს რესპუბლიკური პარტიის ელიტა. მსოფლიოს ბევრი კონსერვატიული პარტია (თუმცა ყველა არა) იმედოვნებს, რომ ძველი ყაიდის რესპუბლიკური პარტია: საბაზრო ურთიერთობების და თავისუფლების მომხრე და დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების უპირობოდ ერთგული კიდევ წამოდგება ფეხზე.

ევროპაში ბევრი კონსერვატორის ცნობიერებაში პრეზიდენტი ტრამპი წარმოადგენდა როგორც მომგებიან, ისე წამგებიან ფაქტორებს. მძიმე რიტორიკის მიუხედავად, მან მოქმედებაში მოიყვანა ზოგიერთი მნიშვნელოვანი კონსერვატიული პრინციპი. ჩინეთიდან მომავალი საფრთხის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომა მისასალმებელი და დიდი ხნის განმავლობაში სასურველი გახლდათ ისევე, როგორც ევროპის სახელმწიფოების მიმართ თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ გაჟღერებული მოწოდება. მის მიერ გადასახადების შემცირებამ უდიდესი ბიძგი მისცა აშშ-ის ეკონომიკას.

ბოლო დღეებში ხშირად დასმული კითხვა ასეთია: შეიძლება მსგავსი რამ აქაც მოხდეს? სულ რამდენიმე ევროპული დემოკრატია თუ გაუტოლდება ამერიკულს ზრდასრულობით თუ ხანგრძლივი ისტორიით, ხოლო კონკრეტულად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები კი დღესაც დაუცველნი არიან შიდა თუ გარე შოკებისგან, რომელთაც შეუძლია ბოლო ათწლეულებში მიღწეული პროგრესის დესტაბილიზაცია. ამ კონტექსტში იმედისმომცემი იყო ამ კვირაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლის და ყველა პოლიტიკური თანამდებობის დატოვების შესახებ. ბატონი ტრამპის მსგავსად, ივანიშვილიც გახლავთ პოლიტიკაში მოსული მილიარდერი ბიზნესმენი, რომელმაც 2012 წელს ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ გაიმარჯვა არჩევნებში. საბედნიეროდ, მსგავსებები მათ შორის ამით ამოიწურება.

2012 წლიდან მოყოლებული ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა, რომელიც თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ბოლო პერიოდში - ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს. მისმა პარტიამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში. მიუხედავად მისი ოპონენტების "ტრამპის სტილის" პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა - "სინათლის ქალაქი გორაკზე" წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული შთაგონების წყაროს. დღეს კი ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის უმჯობესია, არ მიაქციონ ყურადღება აშშ-ის მილიარდერ პრეზიდენტს, რომელიც უარს ამბობს თეთრის ახლიდან გამოსვლაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ - და, ამის ნაცვლად, ეძებონ შთაგონების წყარო საკუთარ სამეზობლოში, კერძოდ ქართველი მილიარდერის სახით, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ ევროპაში წარმოქმნილ დემოკრატიებს, იქნება ეს ფინანსური, საგანმანათლებლო თუ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა, რომელიც უნდა გაგრძელდეს და უეჭველად გაგრძელდება კიდეც. მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელია თავად ამ ქვეყნებში ლიდერობის ჩამოყალიბება. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლების დათმობა მიუთითებს სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე, რომელიც იძლევა კარგი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განაცხადის შეტანის კუთხით.

ეს განაცხადი იმსახურებს მხარდაჭერას. საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მსოფლიო ბანკის "ბიზნესის წარმართვის გლობალურ ინდექსში" საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ს. "ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის" თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას. Fraser Institute-ის "თავისუფლების ინდექსში" საქართველო მე-8 ადგილზეა და იმყოფება აშშ-ის შემდეგ. ეს გახლავთ შესანიშნავი შედეგი ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა, და ეს შედეგი იმსახურებს აღიარებას ევროკავშირის ლიდერების მხრიდან - როგორც სიტყვით, ისე საქმით.

დემოკრატია არ არის მმართველობის უზადო სისტემა - არც საქართველოში, არც ევროკავშირში და არც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ჩვენ, ვინც "რკინის ფარდის" მეორე მხარეს გავიზარდეთ, კარგად გვესმის ამ თავისუფლებების მყიფე ბუნება. რონალდ რეიგანს თუ დავესესხებით, "თავისუფლება მყიფე რამ არის და მის გასაქრობად მხოლოდ ერთი თაობაა საკმარისი... აუცილებელია, რომ ყველა თაობამ მუდმივად იბრძოლოს მის დასაცავად". სწორედ ჯორჯიის შტატმა დაუსვა წერტილი ტრამპის პრეზიდენტობას, როცა შტატის ამომრჩევლებმა უარით გაისტუმრეს პრეზიდენტის მცდელობა, საფუძველი შეერყია აშშ-ის არჩევნების დემოკრატიული პროცესისთვის. 10 000 კილომეტრის დაშორებით კი ქვეყანაში სახელად ჯორჯია (საქართველო) ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი დემოკრატიული გადასვლა ახალ საფეხურზე," - ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები