17 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ბევრია დამოკიდებული აშშ-ს ადმინისტრაციის პოზიციაზე, თუ როგორ გაგვიწევს ლობირებას ევროპულ სახელმწიფოებთან - ლაშა ბერიძე

საქართველოს შესახებ ევროინტეგრაციის საკითხთან მიმართებაში პოზიტიური შეფასებები კეთდება. მორიგი მხარდამჭერი განცხადებები გაისმა ბრიუსელში, სადაც ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა. რაც შეეხება მომავალს, დამაიმედებელია პროგნოზი, რომელიც ამერიკის ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხედვებს ეყრდნობა. 

ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში განსაკუთრებული ძვრები არ იყოს მოსალოდნელი საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა გარკვეული ოპტიმისტური მოლოდინები არსებობს. 

"ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს იმედი ნატოში გაწევრიანების, მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ოპტიმისტურ და ჩვენთვის ხაზგასმულად დადებით განცხადებებს გააკეთებენ არა ნატოს გენერალური მდივანი მხოლოდ, არამედ გერმანიისა და საფრანგეთის უმაღლესი პირები. ახლა იქმნება ალბათ ხელსაყრელი ფანჯარა იმ გაგებით, რომ რუსეთში გარდაუვალი იქნება შემდგომი 5-7 წლის განმავლობაში თავიანთი უმაღლესი ხელისუფლის ფაქტობრივი ცვლილება. ეს იქნება სწორედ ის ფანჯარა, როდესაც საქართველომ თეორიულად შეიძლება მიიღოს მაპი, როდესაც რუსეთში შეიცვლება ხელისუფლება და ახალ ხელისუფალს მოუწევს ცოტა მეტ დათმობაზე წასვლა დასავლეთთან," - აცხადებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ბაკურ კვაშილავა.

სამხედრო ექსპერტი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. 

"ძალიან ბევრად არის დამოკიდებული ამერიკის ადმინისტრაცია პოზიცია, თუ როგორ დაგვეხმარება ის და როგორ გაგვიწევს ე.წ. ლობირებას ევროპულ სახელმწიფოებთან, რომ დაარწმუნოს ისინი ჩვენს პროგრესში," - განაცხადა ლაშა ბერიძემ.

 

დღის ამბები