რუსულ აგრესიას საქართველოში ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს - ამის შესახებ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელმა, ვლადიმირ მილოვმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მილოვის თქმით, "როცა საქართველოში, 2008 წლის ომი მოხდა, ინტერნეტში ამ საკითხზე ის და ნავალნი ძალიან ღიად ჩხუბობდნენ".
"როცა საქართველოში 2008 წლის ომი მოხდა, მე და ის ძალიან ღიად ვჩხუბობდით ინტერნეტში ამ საკითხზე. ჩვენ ეს თემა ხშირად განგვიხილავს მოგვიანებითაც. ერთი მხრივ მისი პოზიცია ამის შემდეგ ძალზედ შეიცვალა. ის რა თქმა უნდა, ეთანხმება და მე ამას ხშირად ვახმოვანებ, რომ პოსტ საბჭოთა სივრცის საზღვრების გადახედვა მიუღებელია. ეს მისი პრინციპული პოზიციაა.
2006 წელს თბილისში ვიყავი, სააკაშვილსაც შევხვდი, მაშინ განიხილებოდა ასევე ძალადობრივი სცენარები, ტერიტორიული პრობლემების გადასაჭრელად. მე და ნავალნის ეს არ მოგვეწონა. ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ძალადობრივ სცენარებს, ამიტომ აქ სიტუაცია უნდა განვიხილოთ ისე, როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ნათელია, რომ თავად რუსულ აგრესიას ნავალნი მაშინაც და დღესაც გმობს. არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ სვამს საზღვრების უცვლელობის პრინციპს. ჩვენ პრინციპულად ვართ პოზიციაზე, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს განხილული როგორც საქართველოს ნაწილი. იყო განსხვავებები, პოზიციები შეიცვალა, თუმცა საჭიროა არ დავივიწყოთ მნიშვნელოვანი ასპექტებიც," - განაცხადა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვლადიმერ მილოვმა.