დაკავებულია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სუს-მა გაავრცელა. უწყება განმარტავს, რომ დაკავება მოხდა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
გამოძიების ინფორმაციით, არაგვისპირელის N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების ჩასატარებლად 30 აპრილს 126 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა, რომელში მონაწილეობის სურვილიც ორმა კომპანიამ გამოთქვა. გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი და მოსთხოვა საბუთები უკან გაეტანა, რადგან ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა. სამომავლოდ კი სხვა ტენდერების პირობების მასზე მორგება შესთავაზა.
კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო და გაიმარჯვა. განაწყენებულმა საჯარო მოხელემ კომპანიას პრობლემები შეუქმნა და არ აძლევდა შესაძლებლობას, ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. კომპანიას ამის გამო ხელშეკრულება შეუწყდა.
უწყება წერს, რომ დაირღვა მოსახლეობის, კომპანიისა და სახელმწიფოს ინტერესები.
გამოძიება 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, პოზიცია არ დაუფიქსირებია დაკავებულის ადვოკატს. უცნობია, აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს.