ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. განცხადებები ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე გაკეთდა, რომელზეც 31 ოქტომბრის არჩევნების საკითხზე დებატები გაიმართა.
ესტონელი პარლამენტარი მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, რომელზეც ასევე იყო დაცული ფუნდამენტური უფლებებიც. ესტონელი პარლამენტარი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებს.
"საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ჩვენი ჯგუფის სახელით მე მოვუწოდებ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, დაიწყონ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოიკოტი არ არის საუკეთესო გამოსავალი მოსახლეობის ინტერესებისთვის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის. ჩვენ ვაფასებთ საგამოძიებო კომიტეტის შექმნას, რომელიც გამოიძიებს არჩევნების პროცესში მიმდინარე დარღვევებს. ჩვენ ვაფასებთ საარჩევნო რეფორმებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულ პროპორციულ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარდება. ჩვენ გთავაზობთ ტრადიციული საარჩევნო სისტემის გარდა შემოიღოთ საარჩევნო ელექტრონული სისტემა," - განაცხადა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ.
ერთ-ერთი ევროპარლამენტარი იმედს იტოვებს, რომ ყველა მოუწოდებს ოპოზიციას, პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
"ბოლოს რაც მინდა ვთქვა საქართველოსთან ურთიერთობაზე, იმედი მაქვს, ყველა დავუჭერთ მხარს შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივას და მოვუწოდებთ ოპოზიციას მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური ტრანსფორმაციების პროცესში," - აცხადებს ერთ-ერთი ევროპარლამენტარი.