ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოწოდებები ისმოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს. დემოკრატიული კონსოლიდაცია და საკუთარი ამომრჩევლის პატივისცემა სწორედ - ეს არგუმენტებია ევროპელებისთვის მთავარი.
სტრასბურგმა დღეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და მისი შედეგები შეაფასა.
ზამთრის სესია სწორედ საქართველოზე დებატებით გაიხსნა. უმეტესობა თანხმდება, რომ არჩევნებზე ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხარვეზებს აღარ ახსენებენ.
მოწოდებები საერთაშორისო ტრიბუნიდან ორივე ადრესატის, ხელისუფლებასა და ოპოზიციის მისამართით ისმოდა.
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდეს, ასევე პოლარიზაციის შემცირებისკენ, არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების და გადაცდომის ბრალდებების შესწავლისკენ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ არსებულ მოწოდებებსა და რეკომენდაციებს, ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები პარლამენტში შევიდნენ და მანდატებით ისარგებლონ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ირაკლი კობახიძე საუბრობს.
"ყველა ეს დარღვევა, რომელიც გამოვლინდა ამ არჩევნებში, უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული და სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე არის ძალიან მკაფიო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და მათ უნდა დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები, ჩვენს დელეგაციასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.