ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მუშაობას აგრძელებს. დღევანდელი სესიის დღის წესრიგის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოადგენდა, რომელზეც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ დავაზე ინფორმაციები წარმოადგინეს და რუსეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განხილული საკითხის მნიშვნელობა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ შეაფასა.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე დღე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხით დაიწყო. ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, სადაც არაერთგზის იყო ნახსენები საქართველო-რუსეთის დავის შესახებ, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მაქსიმალურად იყო გამოყენებული ეს საშუალება, რათა გვესაუბრა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციას აკისრია. ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომს და იმ დარღვევებს ეხებოდა, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა. საქართველომ წარმოადგინა 700-ზე მეტი მტკიცებულება და საბოლოოდ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა ამ დავაში. ახლა უკვე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვიზრუნოთ და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ რუსეთის მხრიდან მისი აღსრულება ბოლომდე იყოს მიყვანილი.
ასამბლეის სხვადასხვა დელეგაციის წევრების გამოსვლებში კარგად ჩანდა ზეწოლა ამ საკითხის მიმართ და ჩვენი დელეგაციის წევრებმა არა მხოლოდ ინფორმაცია წარმოვადგინეთ, არამედ ვეცადეთ, ხაზი გაგვესვა იმ მნიშვნელობაზე, რასაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება გულისხმობს, ამ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში", - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.