ასამბლეის პლენარულ სხდომაზე დღეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილეს.
კახა კუჭავამ ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა და რომ საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.
"ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალა, რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
საქართველომ სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 უტყუარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა კონვენცია უხეშად დაარღვია.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და "ბუფერულ ზონაში". ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს "ეფექტურ კონტროლს" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის.
აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა",- განაცხადა კახა კუჭავამ.
დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.
"ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ ამ ასამბლეის წევრები იყვნენ, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს?
განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ",- მიმართა ასამბლეის წევრებს კახა კუჭავამ.