ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მიმართავენ "ქართულ ოცნებას," დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა.
დოკუმენტს 10 პოლიტიკური ძალა აწერს ხელს. წერილში ნათქვამია,რომ პარტიებს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, მოთხოვნებთან დაკავშირებით პოზიცია უცვლელი რჩება.
მიმართვის ხელმომწერებს შორის არა არიან ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები" და "გირჩის" მეორე ფრთა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია განმარტავს, რომ განცხადების გამოქვეყნების მიზანი საპარლამენტო მანდატების გაუქმება-არგაუქმების საკითხზე სპეკულაციების დასრულება იყო.
"მოლოდინის შექმნის მცდელობა იყო - ახლა მოგიხსნით მანდატებს, არ მოგიხსნით და იქმნებოდა, ჩემი აზრით, არარეალისტური სურათი. მეტნაკლებად წარმატებული პროპაგანდა იყო ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, რომ თითქოს, რაღაც არსებითად შეიცვალა, აირია, დიდი განხეთქილებაა პოზიციურ სპექტრში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საჭირო იყო მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც მანდატებზე აქვს ნათქვამი უარი, რომელთან დაკავშირებითაც ამდენი სპეკულაცია იყო,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, "ქართულმა ოცნებამ" მანდატებს გაუქმების პროცესი განზრახ გააჭიანურა, რათა ეს საკითხი პოლიტიკური შანტაჟის მიზნით გამოეყენებინა.
"ჯერ ამბობდნენ, რომ დაუყოვნებლივ დააკმაყოფლებდნენ მანდატების გაუქმების მოთხოვნებს, შემდეგ გაწელეს ეს პროცესი, მართლაც ჩანდა, თითქოსდა, ხელოვნურად გააჭიანურეს, რატომ, იმიტომ, რომ ესეც ერთგვარი შანტაჟის ბერკეტად გამოეყენებინათ ოპოზიციის წინაღმდეგ. გაიაზრონ სწორედ ჩვენი მოთხოვნების ლეგიტიმურობა და მოვიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან გონივრული პოზიციით, რომელიც მოგვცემს პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობას,"-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.