"ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი ოპოზიციის ერთიან განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე საუბარი მმართველ გუნდთან მიმართებაში, არარელევანტურია.
მისი თქმის, "ოცნება" მოლაპარაკების მაგიდიდან არსად წასულა და მზად არის ნებისმიერი კონსტრუქციული ნაბიჯისთვის.
"მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე საუბარი მმართველ გუნდთან მიმართებაში, უბრალოდ, არარელევანტურია. ჩვენ არსად წავსულვართ მოლაპარაკებების მაგიდიდან და სულ ვამბობთ, რომ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული ნაბიჯისთვის. ყველა ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დრო გაგვეწელა და მიგვეყვანა, პროცედურების ფარგლებში, ბოლო მომენტამდე, ვიდრე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგებოდა.
ყველამ იცის ჩვენთვის რა არის წითელი ხაზი, იმის იქით ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და იმედი გვაქვს, მეხუთე რაუნდი შედგება და კონკრეტული შედეგით დასრულდება. ეს შედეგი იქნება ის, რომ მთლიანად ოპოზიცია თუ არა, მისი ნაწილი მაინც მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას,"-განაცხადა გიორგი კახიანმა.
10 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია განცხადებით მიმართავს "ქართულ ოცნებას" დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
"ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული," - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ხელმომწერებს შორის არ არის ალეკო ელისაშვილის პარტია და "გირჩი".