17 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს უნდა, რომ დებატებმა პარლამენტში გადაინაცვლოს - ლევან იოსელიანი

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიების რეიტინგმა იკლო, გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს.

მისი თქმით, შესაძლოა, პრობლემა ისეთი მასშტაბური არ იყოს, როგორც ამ კვლევაშია, თუმცა, მისი იგნორირება არ შეიძლება. 

"აქ უფრო მნიშვნელოვანია ზოგადი სურათი და არა კონკრეტული პროცენტები. 5-10%-ითაც მეტი რომ იყოს ან ნაკლები, სიტუაცია პრინციპულად არ იცვლება. ამ კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ პრობლემა არსებობს. შეიძლება ისეთი მასშტაბური არ იყოს, როგორიც ამ კვლევაშია, მაგრამ არ შეიძლება მისი იგნორირება,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგის ვარდნა გამოიწვია იმან, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობაზე უარს აცხადებენ. 

"ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს უნდა, რომ დებატებმა გადაინაცვლოს პარლამენტში. ეს ვნებათაღელვა მიდიოდეს იქ, სადაც მისი ადგილია. ეს რომ ასე არ ხდება, შეიძლება ამის ბრალიც არის ის, რომ ოპოზიციის მიმართ განწყობები შეცვლილია,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პარტიების საქმიანობა იყო ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც NDI-ს კვლევაში იყო ხაზგასმული. სატელეფონო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის დაახლობით 80% მიიჩნევს, რომ ბარიერგადალახული ყველა პარტია უნდა იყოს პარლამენტში. ამ ფონზე, ამავე კვლევის მიხედვით, მკვეთრადაა გაუარესებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.

დღის ამბები