19 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
სოციალური აფეთქების წინაშე ვართ - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები კონკრეტული მოთხოვნით მივიდნენ. მათ სურდათ, რომ პირველი თებერვლიდან მუშაობა დაეწყოთ, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

"ვართ სოციალური აფეთქების წინაშე. ამას სიხარულით კი არ ვამბობ, ამას ვამბობ ძალიან დიდი გულდაწყვეტით, ამას ვამბობ იმ პირობებით, სადაც დღეს რეალურად, გარეთ არის აქცია და ეს ქმნის კიდევ იმ სიტუაციას, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უფრო რთულდება.

ჩვენი მოთხოვნა იყო და დღესაც ვითხოვთ, რომ რეგულაციების ფორმატში უნდა მოხდეს ბიზნესის მუშაობა და არა ისე, რომ დღეს რეგულაციების გარეშე ბიზნესმა იმოქმედოს,“ - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე. 

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი შიშობს, რომ წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნება. 

"პირველი თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქითაც უკვე აღარ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება და დღევანდელის მსგავსი შეხვედრა უნდა გვქონოდა ჩვენ მაგალითად 7-8-9 იანვარს, რომ გვცოდნოდა ზუსტად, მთის კურორტები გაიხსნებოდა თუ არა. დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა დღეს კიდევ ერთხელ ვიგებთ, რომ 1 თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და ორი კვირის შემდეგ შევხედავთ რა იქნება, ეს ჩვენთვის მესიჯია, რომ საერთოდ წელს შეიძლება მთის კურორტები არ გაიხსნას," - ამბობს შალვა ალავერდაშვილი. 

დღის ამბები