ევროსაბჭომ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოში მაქსიმალურად გამოიყენა საერთაშორისო ტრიბუნა იმისთვის, რომ ესაუბრა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც რუსეთს საქართველოსთან აკისრია.
როგორც კახა კუჭავა აღნიშნავს, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებებშიც კარგად ჩანდა ის ზეწოლა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთმა სასამართლოს გადაწყვეტილებებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
"არაერთგზის იქნა ნახსენები საქართველო-რუსეთის დავის შესახებ, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს საშუალება, რომ გვეხსენებინა კიდევ ერთხელ იმ ვალდებულებების შესახებ, რაც რუსეთს აკისრია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების აღსრულება. იცით ორი მნიშვნელოვანი დავა, რომელიც მოვიგეთ და ბოლო კონკრეტულად ეხებოდა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომს.
მნიშვნელოვანია, რომ ახლა უკვე ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ეს აღსრულება ბოლომდე იქნას მიყვანილი და ზეწოლა, მათ შორის, ძალიან კარგად ჩანდა სხვა წევრების განცხადებებში,"- განაცხადა კახა კუჭავამ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქართულმა დელეგაციამ არაერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას იმისთვის, რომ სწრაფად და სრულფასოვნად აღსრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად რუსეთის ფედერაციას დაეკისრა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა და კიდევ ერთხელ დავაყენეთ საკითხი რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო დავებზე და იმ ვალდებულებებზე, რომელიც დაეკისრა რუსეთის ფედერაციას. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმისთვის, რომ სწრაფად და სრულფასოვნად აღსრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ამ ისტორიული გამარჯვების შედეგად დაეკისრა რუსეთის ფედერაციას,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.