ინფექციონისტმა ელზა ვაშაკიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა, თუ რა არის "განგრძობითი კორონავირუსის სინდრომი" და როდის იჩენს ის თავს.
მისი თქმით, ეს სინდრომი, შესაძლოა, მსუბუქად გადატანილი დაავადების შემდეგაც გამოვლინდეს.
"როცა ეს დაავადება გავრცელდა ჩინეთში, სწორედ მაშინ დაიბეჭდა პირველი სტატიები ჩინელი ავტორების მიერ, რომ დაავადება არ სრულდება იმ ორ კვირაში, არამედ პაციენტების საკმაოდ დიდ პროცენტს აღენიშნება გარკვეული კლინიკური ნიშნები.
როცა ეს დაავადება გავრცელდა, ჩამოყალიბდა ასეთი სტერეოტიპი, რომ ის გავრცელებით ძალიან ჰგავს გრიპს და კლინიკური ნიშნებიც თითქოს გრიპის მსგავსია. თუმცა, ჩენ თვეების მანძილზე გვიწევდა მტკიცება, რომ ეს არ არის უბრალო გრიპი, ეს მულტისისტემური დაავადებაა, რომ გარდა სასუნთქი სისტემისა, პათოლოგიურ პროცესში ჩართულია ადამიანის ორგანიზმის, პრაქტიკულად, ყველა სისტემა. სწორედ ამის გამო იყო მოსალოდნელი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო.
შემდგომში, ეს კვლევები ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, რომ კორონავირუსული ინფექციის მწვავე ფაზის გადატანის შემდეგ, ნამდვილად არსებობს სხვადასხვა სახის სინდრომები, რომელიც ვლინდება სხვადასხვა ორგანოს და სისტემების დაზიანებით, მათ შორის, ერთი ძალიან სერიოზული სინდრომი, რომელსაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჰქვია, ამის მსგავსი და დაიწყო ინტენსიური კვლევა ამ სინდრომთან დაკავშირებით.
მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, რა სიმძიმის მწვავე დაავადება გადაიტანა პაციენტმა, ანუ მხოლოდ ფილტვების მძიმე დაზიანება, რაზეც ჩვენ ყურადღება გვქონდა გამახვილებული, არ არის ერთადერთი სცენარი ამ დაავადების შემდგომი განვითარების. შეიძლება მსუბუქად გადატანილი დაავადების შემდეგაც განვითარდეს ეს სინდრომი,"-განაცხადა ელზა ვაშაკიძემ.