საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა პროცედურულად მაქსიმალურად გაწელა დრო იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის პროცესი გახანგრძლივებულიყო.
კახიანი იმედოვნებს, რომ პლენარულ სხდომამდე პროცესი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ წარიმართება:
"ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მანდატების შეწყვეტის პროცესი რეგლამენტის ფარგლებში გაწელილიყო. ეს არის მაქსიმალური ვადები, რისი შესაძლებლობაც ჩვენ რეგლამენტმა მოგვცა. სამწუხაროდ, ამის იქით კანონმდებლობა ჩვენ ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს, მაგრამ ჩვენ დავანახეთ ოპოზიციასაც და ზოგადად, ყველას, ჩვენი ეს მონდომება, რომ მაქსიმალურად ბოლო ვადებში მიღებულიყო ასეთი გადაწყვეტილებები. იქნებ მანამდე შემდგარიყო შეხვედრა, რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე შევჯერებულიყავით. თუმცა, კიდევ არის ამისთვის დრო, საგაზაფხულო სესიამდე კიდევ არის 1-კვირიანი პერიოდი და იმედი გვაქვს, რომ ამ დროს მაინც გამოვიყენებთ ამ ინტერესის სასარგებლოდ," - განაცხადა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციისთვის სადეპუტატო მანდატების შეწყვეტამდე უმრავლესობის სხდომა ჩატარდეს და მანდ შეაჯერონ საერთო პოზიცია.
"ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიდრე პლენარულ სხდომაზე ეს საკითხი გავა, უმრავლესობის სხდომა ჩატარდეს და ჩვენ შევეცდებით, რომ საერთო პოზიციაზე შევჯერდეთ, თუმცა თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ გამოდის, რომ ყოველი დეპუტატი საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. პირადად მე ვაპირებ, რომ ამ საკითხს მხარი დავუჭირო, ანუ მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილების შეწყვეტას, ჩემი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. ზოგადად რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამას დრო გვაჩვენებს," - განაცხადა გიორგი კახიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.