17 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
მათ ხელშია გააგრძელონ საბჭოთა წარსულისკენ სვლა, თუ დემოკრატიული პროცესი და განვითარება - დავით კირკიტაძე მანდატების გაუქმებაზე

ერთ საათში პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისათვის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. გუშინ კომიტეტმა მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისათვის დეპუტატობის უფლებამოსილების შეჩერებას, დღეს კი იგივე გადაწყვეტილებას კანონმდებლები დანარჩენი დეპუტატების შესახებაც მიიღებენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წინადადებების ყველასთვის ნათელია, ხოლო "ქართული ოცნებისგან" წინადადებები ჯერ ისევ არ მიუღიათ.

"ჩვენი წინადადება არის ნათელი, საზოგადოებამაც და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც იციან. რა არის მათი წინადადებები ჯერ არავინ არ იცის. მათ ხელშია, სურთ მათ გააგრძელონ საბჭოთა წარსულისკენ სვლა და ჰქონდეთ ერთპარტიული, რომელსაც რთულად შეიძლება ეწოდოს პარლამენტი, თუ მათ სურთ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი და განვითარება," – აცხადებს დავით კირკიტაძე.

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტსაბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ როგორც კი ოპოზიცია "ქართული ოცნებისგან" დიალოგისთვის მზაობას დაინახავს, ოპოზიციაც მზად იქნება დიალოგი განაახლოს.

"როგორც კი ვნახავთ მზაობას "ქართული ოცნებისგან", რომ მზად არის საუბრისთვის და დიალოგისთვის, ჩვენ მზად ვართ, რომ განვაახლოთ დიალოგი. თუ "ქართული ოცნება" შეუწყვეტს უფლებამოსილებას და არ წამოვა კომპრომისზე , 1 მილიონზე მეტი წარმომადგენლობითი ნების გამომხატველ ოპოზიციონერ პარტიებს და პარტიის წარმომადგენლებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი იქნება აბსოლუტურად არალეგიტიმური," – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციების დაახლოება საკმარისად ვერ განხორციელდა.

"როგორც ჩანს არც მოხდა საკმარისად პოზიციების დაახლოება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ამიტომ მოლაპარაკებებით აღნიშნავენ ამ რაუნდს, უბრალოდ არ უნდათ, რომ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, ამის გამოც არ ინიშნება. მეეჭვება, რომ 2 თებერვლამდე ჩაინიშნოს, არ ვიცი ვნახოთ," – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ სანამ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლებული არ იქნება, მოთხოვნა შესრულებულად ვერ ჩაითვლება. 

"იქამდე, სანამ ყველა პოლიტპატიმარი არ იქნება გათავისუფლებული, ეს მოთხოვნა შესრულებულად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება. აუცილებელი საკითხი არის ასევე ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა," – ამბობს საბა ბუაძე.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ორ მხარეს შორის მთავარი პრობლემა შეთანხმების ნაკლები სურვილია. სურვილის არსებობის შემთხვევაში, მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ მოლაპარაკების შანსი არსებობს.

"პრობლემა არ გვაქვს, რომ ხელისუფლების პრობლემაც მკაფიოდ გავიგოთ, რაში მდგომარეობს ამ ხალხის პოზიციაც და იქნებ ზუსტად ამ პერიოდში რამე გამოსავალი კიდევ არსებობდეს. მთავარი პრობლემა არის ამ ორ მხარეს შორის დაპირისპირება და შეთანხმების ნაკლები სურვილი. თუ ეს სურვილი გამოჩნდა და რაღაც მანიფესტი, სხვადასხვანაირად შეიძლება ამის გაკეთება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების შანსი რა თქმა უნდა არსებობს," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სულ მანდატის გაუქმებას 51 დეპუტატი ითხოვს.

 

 

დღის ამბები