დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც ამბიონიდან მძიმე შინაარსის განცხადებები იქადაგა, "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მის მიერ გუშინ გავრცელებულ წერილში ყველაფერი განმარტა და აღარ აინტერესებს, ვინ რას იფიქრებს.
გარდა ამისა, დეკანოზი აცხადებს, რომ ურჩიეს, მწვავე საკითხებზე საუბარს მოერიდოს.
"ჩემთვის გუშინდელი დღე იყო უმშვენიერესი და ასე კარგად, მართლა არ ვყოფილვარ... ამბიონიდან, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მოისმინოთ.
მითხრეს, რომ წმინდანთა ცხოვრებაზე ისაუბრეო, ასეთ ცხელ-ცხელ ინფორმაციებს ცოტა მოერიდეო.
მე მეუფე ძალიან მიყვარს, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, არ მინდა დავარღვიო ის სიტყვა, რაც მე ვთქვი, მანდ უკვე განმარტებული მაქვს და არ ვისაუბრებ. ყველაფერი დაღეჭილი არის. ვისაც, როგორ უნდა ისე გაიგოს, მე არ მაინტერესებს," - განაცხადა დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია დეკანოზ თადეოზ სარალიძის დასჯას ითხოვს. თეოლოგები და ისტორიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად სასულიერო პირისგან შენდობის თხოვნის წერილის გამოქვეყნებისა, მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს და უნდა მოხდეს მისი განკვეთა. როგორც ირკვევა, დეკანოზს გარკვეული შეზღუდვები უკვე დაუწესდა.
ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა- "ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!"
გუშინ კი, დეკანოზმა შენდობის წერილი გაავრცელა.