ხორბლის სუბსიდირების თანხა 10-დან 15 ლარამდე გაიზარდა - ახალი რეგულაციის პირობებში უკვე მეორე ტენდერი გაიხსნა. საკითხზე დღეს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა.
ლევან სილაგავას განმარტებით, ტენდერში ის კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც პურის ქარხნებს ერთ ტომარა ფქვილს 53 ლარად მიაწოდებენ. მისივე ინფორმაციით, ბაზრებზე ხორბლის ფასი გაზრდილია, რამაც საქართველოში ფქვილის გაძვირება გამოიწვია.
"მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული მიმართულებაა ხორბლის ფასების მხრივ და თუ სექტემბრის თვეში ვთქვათ 200 აშშ დოლარად შემოგვქონდა ჩვენ ხორბალი, დღეს შემოტანა ხდება 300 დოლარად, ანუ 50%-ით გაძვირებაა, შესაბამისად ეს გაძვირება გადავიდა ფქვილში. ამაზე მსჯელობა იყო და შესაბამისად სუბსიდირების თანხა ერთ ტომარა ფქვილზე გაიზარდა 10 ლარიდან 15 ლარზე.
ამოცანა ისევე როგორც პირველი ტენდერის შემთხვევაში, მეორე ტენდერის შემთხვევაშიც იგივეა, რომ პირველადი, ყოველდღიური მოხმარების პური არ გაძვირდეს," - აცხადებს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.