107 36-ის წინააღმდეგ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.
შესაბამისი ანგარიში, ავსტრიელმა დეპუტატმა შტეფან შენახმა მოამზადა, რომელიც რუსეთთან დიალოგის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა.
დებატებზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი დეპუტატი კახა კუჭავა.
17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ ერთხმად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი პირადი კონტროლის ქვეშ მოქცევა.
რუსეთმა დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის: წამების აკრძალვა; სიცოცხლის უფლება; გადაადგილების თავისუფლება; და საკუთრების უფლება. ნება მიბოძეთ გკითხოთ - შეიცვალა რამე 2008 წლის შემდეგ?! ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას?! იკვეთება მისი დამოკიდებულების ან ქცევის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ?! შეასრულა მან ევროსაბჭოს რეკომენდაციები?! ყველა ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა - არა.
2021 წელსაც იგივე ხდება, რაც 2008 წელს ხდებოდა - ქართველების ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაცია, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების შემთხვევები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა საკუთარ ტერიტორიებზე დაბრუნების შესახებ.
ამ ყველაფერს თან ერთვის რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების არ შესრულება და ახალი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ. შესაბამისად, სანამ ევროსაბჭოს ძირითადი პრინციპების: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ნორმების ამგვარი უგულებელყოფის მოწმენი ვართ და ეს ნორმები წარმოადგენს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპს, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლის დასასრულს.