ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიუღებელია საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საპირწონედ, ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე.
მისი განმარტებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, გარკვეულწილად, განმუხტავდა სიტუაციას. თუმცა, მისი შეფასებით, ეს ფაქტი დაუშვებელ პრეცედენტს შექმნის, რაც გულისხმობს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად.
"პრინციპული საკითხი შესვლა-არ შესვლა კი არ არის, პრინციპული საკითხია ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური დევნა და ტყვეები არ იყვნენ ციხეში. პოლიტიკური ჯიბრით კი არ ვამბობ ამას, თქვენ წარმოიდგინეთ სიტუაცია, თუ ეს დამკვიდრდა, რომ "ქართული ოცნება" ვაჭრობს ადამიანებით და საკუთარი პოლიტიკური ამოცანებით. საკუთარი პოლიტიკური ამოცანაა დღეს პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა. ქვეყნის ამოცანაა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, "ქართული ოცნების" ამოცანა არის შეყვანა ადამიანების პარლამენტში.
თუ ამ ამოცანისთვის დავამკვიდრებთ, რომ ამას აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე ვიღაცას დაიჭერენ. ვიღაც სხვას თუ ეკისრება ამ საქმეში დაკავება, კიდევ იმაზე უნდა ვივაჭროთ? ეს არის სრულიად დაუშვებელი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, გიორგი რურუას ჩათვლით, შექმნის სივრცეს, რომ პოლიტიკური პროცესი მიუახლოვდეს რაღაცას და დაიწყოს სერიოზული ლაპარაკი სიტუაციის განმუხტვაზე. ამიტომ, აბსოლუტურად მიუღებელია ლაპარაკი ხალხის გამოშვების საფუძველზე ვინმეს სადმე შესვლაზე. გამოშვება არის პრინციპული სკითხი, თუმცა ამაზე ვაჭრობას არავინ არ აპირებს,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.