"უსახლ-კაროდ დარჩენილი მოქალაქები სასტუმროებსა და სამთავრობო აგარაკებში შევასახლეთ,"- ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რამდენიმე წუთის წინ "კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. ნარმანია ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უსახლ-კაროდ დარჩენილი თვითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ფართებით.
თბილისის მერის განცხადებით, ის სახლები რომლებიც აღდგენას ექვემდებარება აღდგება. დანარჩენებზე კი სპეციალური კომისია იმსჯელებს. მერის განცხადებით აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ის დღეს სპეციალისტებისგან მიიღებს და ხვალ გაახმაურებს.
თბილისის მერმა აღნიშნა ისიც, რომ გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადები და სანაპიროს მორეცხვა მიმდინარეობს და ხვალ დილიდან აღნიშნულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგება, თუმცა მანამდე თბილისის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო კონსულტაციებს გაივლიან და ბოლო ინფორმაციას ამის შემდეგ მიაწვდიან მოქალაქეებს.
დავით ნარმანია აცხადებს, რომ ერთადერთი პრობლემური უბანი სადაც საავტომობილო მოძრაობის აღდგენა გაჭიანურდება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზაა.
"ერთადერთი პრობლემური მომენტი არის გმირთა მოედნიდან საბურთალოსკენ მიმავალი გზა მზიურისკენ. ეს არის ძალიან დაზიანებული საინჟინრო ნაგებობები. ამ საკითხზე კონსულტაციები დაგვჭირდება დამატებითი, ცხარე კამათი იყო თუ რა უნდა გავაკეთოთ,"- აცხადებს თბილისის მერი.