შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მთავრობას სოციალური პაკეტის გაზრდის მოთხოვნით მიმართავენ.
აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლებამ ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად შშმ პირთათვის სოციალური პაკეტი უცვლელი დატოვა, რასაც ისინი დისკრიმინაციად აფასებენ. მათივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს კრიტერიუმები, რითიც სოციალური პაკეტის ოდენობა დადგინდება.
"ამ 30 წლიანი ექსპერიმენტებისას ყველაზე ძალიან დაზიანდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სწორედ კოვიდპანდემია და აქედან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, ყველაზე მძიმედ შეეხო შშმ პირებს. სოცპაკეტი გაეზარდათ ასაკობრივ პენსიონერებს, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობის არც ერთ, როგორც მკვეთრად, ისე მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატულ ჯგუფს, არ შეეხო სოცპაკეტის ზრდა," - აცხადებს შშმ პირთა უფლებათა აქტივისტი დავით ბიბინეიშვილი.