19 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
იაპონიის საელჩომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 ახალი რეანომობილი გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადასცა.

ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილები საქართველოს 4 სხვადასხვა რეგიონში: ოზურგეთში, ამბროლაურში, თელავსა და ზუგდიდში გადანაწილდება.

"ოთხივე რეანომობილი არის ევროპული სტანდარტით აღჭურვილი. ეს არის, პრაქტიკულად, მოძრავი რეანიმაცია, რომელიც განთავსდება ოთხ სხვადასხვა რეგიონში, იქ, სადაც ყველაზე უფრო მეტად კრიტიკული სიტუაცია იყო და ამას, რა თქმა უნდა, მოევლება და საბოლოო ჯამში, მივიღებთ უფრო მეტად ძლიერ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურეობას"- განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა.

"როდესაც მწვავდება ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით, დიდი ასაკის ადამიანებში, რეანიმობილები შეამცირებს ლოდინის დროს და შესაბამისად - სიცოცხლის რისკს. იმედი მაქვს, იაპონიის ეს მხარდაჭერა განტვირთავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სისტემას,"-განაცხადა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აკირა იმამურამ.
 
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი გასულ წელს განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ ნაწილდება.

დღის ამბები