17 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ, თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მმართველი გუნდის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებიან. 

შეხვედრის დაწყებამდე ალეკო ელისაშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ილიჩოვა-მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ, მათი ნდობა მმართველი გუნდის მიმართ გაამყარა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობაზე შეთანხმება, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც, მისი პარტია პარლამენტში შევა. 

"ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, ცდილობდა გადაეკეთებინა ჩემი ნათქვამი, ზოგიერთი მედიაც ცდილობდა წარმოეჩინა ისე, რომ ელისაშვილმა მიიწერა ეს ყველაფერი. მე ვთქვი, რომ მოლაპარაკების პროცესის დამსახურებაა და არა პერსონალურად ჩემი და ისეთი მძლეთამძლე ვარ, რომ სასამართლო გავარღვიეთ - არა, ეს იყო მოლაპარაკების პროცესის დამსახურება, ეს იყო კარგი ნაბიჯი ნდობისთვის. ეს ნიშნავს, რომ სხვა საკითხებზეც შეგვიძლია წინ წავიწიოთ და შევთანხმდეთ.

რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას და წესებს, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ეს  არის საკითხი, რომელიც საქართველოში ვერ მოვაგვარეთ 30 წელია და ახლა, ამ კაბინეტში არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ. თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში,"-განაცხადა ელისაშვილმა.

მოქალაქეების კიდევ ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებასა და ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად, პოლიტპატიმრების თემა არის ის პრინციპული საკითხი, რომელსაც ყველგან და ყოველთვის დააყენებენ. 

"პრიორიტეტული არის საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ პოლიტპატიმრების საკითხს არ შევეშვებით, დავაყენებთ ყველგან და ყოველთვის მანამ, სანამ წარმატებას არ მივაღწევთ. რაღაც ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას. რა შედეგით დასრულდება, გაგაგებინებთ,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები