17 ნოემბერი 2024,   12:13
ვრცლად
"ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომლის მოპოვებაც არ იყო იოლი..." - ლევან იოსელიანი განმარტავს, რა შეთანხმება შედგა "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის თქმით, მმართველ გუნდსა და მის პოლიტიკურ ძალას შორის შედგა შეთანხმება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც ამ ქვეყანაში არჩევნებს ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნებს ნდობას.

ამის შესახებ ლევან იოსელიანმა "დღის კურიერში", მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"დღეს ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომლის მოპოვებაც არ იყო იოლი. რომლისთვისაც ძალიან დიდი კამათი და ბრძოლა მოგვიწია, რომ ყველა პუნქტი, რომელიც შეთავაზებული იყო, წამოგვეღო როგორც შეთანხმების ნაწილი და აქ, ასახულია ყველაფერი, რაზეც თავის დროზე ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდა, ეს არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო რეფორმა. ერთი საკითხი, რომელზეც შეთანხმება ვერ შედგა, ეს არის ვადამდელი არჩევნები, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ წამოვიღეთ იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ არჩევნებს დაუბრუნებს ნდობას.

ამ დოკუმენტზე არის ჩემი, ალეკოს, ბატონი თალაკვაძის და ბატონი მდინარაძის ხელმოწერა. დოკუმენტი ღიაა და მას შეიძლება შეუერთდეს ყველა მანდატის მქონე დეპუტატი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დოკუმენტში ასახული რეფორმა და პრინციპები, მე ვფიქრობ რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და ეს არის საუკეთესო გამოსავალი, ჩვენმა პარტიამ ეს დავამტკიცეთ მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა, მისი თქმით, ამ დოკუმენტის წინააღმდეგი იყო როგორც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ასევე წინააღმდეგობა ხვდებოდა მმართველი პარტიისგანაც.

ლევან იოსელიანმა საკანონმდებლო ცვლილებების ვადებზეც ისაუბრა.

"ამ დოკუმენტში არის დათქმა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამ რეფორმას ითვალისწინებს ინიცირებული იქნება პირველ მარტამდე და მაისის ბოლომდე მოხდება ამ ცვლილებების მიღება. თუ ეს ინიცირება არ მოხდა პირველ მარტამდე  შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა ისევე დავტოვებთ საქართველოს პარლამენტს, როგორც აქ შემოვედით. ვერავინ წინ ვერ აღგვიდგება," - აღნიშნა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, მოლაპარაკებების გაგრძელების ერთ-ერთი წინაპირობა იყო ისიც, რომ გარკვეული ძვრები უნდა ყოფილიყო იმ ადამიანების საქმეებშიც, რომელსაც ოპოზიცია პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებად მიიჩნევს. ლევან იოსელიანის თქმით, ასეთი ძვრები არის და 5 გვარიდან რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე იდო, 4 უკვე თავისუფალია.

დღის ამბები