პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც მის პოლიტიკურ ძალასა და მმართველ პარტიას შორის გაფორმდა, ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს, რომელიც არჩევნებისადმი ნდობის დაბრუნებას უზრუნველყოფს.
ამასთან, როგორ ლევან იოსელიანმა "დღის კურიერში" განაცხადა, დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელმოწერა შეუძლია ყველა იმ ოპოზიციონერს, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დეპუტატის მანდატის მოპოვება შეძლო:
"ამ დოკუმენტზე არის ჩემი, ალეკოს, ბატონი თალაკვაძის და ბატონი მდინარაძის ხელმოწერა. დოკუმენტი ღიაა და მას შეიძლება შეუერთდეს ყველა მანდატის მქონე დეპუტატი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დოკუმენტში ასახული რეფორმა და პრინციპები, მე ვფიქრობ რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და ეს არის საუკეთესო გამოსავალი, ჩვენმა პარტიამ ეს დავამტკიცეთ, მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.