17 ნოემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი აცხადებს, რომ კონგრესი დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით.

"საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ძალიან აქტიური თავმჯდომარე იყო და სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობა იყო შესანიშნავი. გასულ წელს კონგრესის პრეზიდენტმა საქართველოში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი განახორციელა. ჩვენ გავმართეთ მაღალი დონის შეხვედრები, სადაც გაგვაცნეს დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. კონგრესი დაინტერესებულია დიალოგის გაგრძელებით და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია. კონგრესსა და საქართველოს პარლამენტს შორის დამაკავშირებელი ხიდი იქნება კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი. ჩვენ მოველით თანამშრომლობას მომავალ წელსაც",- განაცხადა ანდრეას კიფერმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონგრესის გენერალური მდივანი მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

"წელს საქართველოში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მზაობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციისა, რომ იყოს ამ პროცესების თანამონაწილე, არის ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა

დღის ამბები