როდის გაიმართება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ საუბრისათვის მხარეები ისევ მზადყოფნას გამოთქვამენ, პოზიციები არ დაახლოებულა. ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ისევ რიგგარეშე არჩევნებს ასახელებს.
მას შემდეგ კი, რაც ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, ამბობენ, რომ პრინციპულ საკითხებზე ბრძოლას უკვე დეპუტატის სტატუსით გეგმავენ.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 5-დან 4 პოლიტპატიმარი უკვე თავისუფალია და იმისათვის, რომ ეს სია დაიხუროს, აუცილებელია ოპოზიცია მოლაპარაკების პროცესში სრულად ჩაერთოს.
ამასთან, ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 2 თებერვლის სხდომაზე ოპოზიციას მანდატები არ უნდა შეუწყვიტოს.
"მემორანდუმი არის დოკუმენტი, სადაც არჩევნების სანდოობის გარანტიებია ჩამოწერილი. ეს არის ის, რაც 30 წელია ჩვენი ეროვნული სურვილია, რომ არჩევნებს ჰქონდეს შინაარსი და ნდობა. ეს არის ელექტრონული არჩევნების პრინციპები, რომ საარჩევნო უბნებზე იდგეს ხმის მთვლელი აპარატი, ვაჩვენოთ პირდაპირ ეთერში ხმის დათვლის პროცესი, ელექტრონულმა აპარატმა უკვე 8 საათზე შედეგები გვაჩვენოს და ასევე ის, რომ მრავალპარტიული წარმომადგენლობა იყო სამივე დონეზე.
აღსანიშნავია, რომ 5 პოლიტპატიმრიდან 4 ადამიანი უკვე გამოშვებულია და ეს ადამიანები პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგად გამოუშვეს. იმისათვის, რომ ეს სია დაიხუროს და მე-5 მათგანიც გამოვიდეს ციხიდან, აუცილებელია ოპოზიცია სრულად ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციას მანდატები "ქართულმა ოცნებამ" 2 თებერვლის სხდომაზე არ უნდა შეუწყვიტოს, ეს გააჯანსაღებს ურთიერთობას და კარგი სიგნალი იქნება დანარჩენი ოპოზიციისადმი," - აცხადებს პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.