პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ოპოზიციის სხვა წევრებს პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მან მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის გამოც სხვა ოპოზიციური ლიდერების კრიტიკა კიდევ ერთხელ გამოიწვია.
ოპოზიციაში ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნაბიჯები არ უკვირთ და ამბობენ, რომ ორი კანონმდებლის შესვლით, პარლამენტი ლეგიტიმური ვერ გახდება. მათთვის მთავარ მოთხოვნად კი, კვლავ რიგგარეშე არჩევნების საკითხი რჩება.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რა მოთხოვნაც აქვს საქართველოს მოსახლეობას - ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევანი მოპარა. რა საარჩევნო პუნქტები უნდა გახდეს პრიორიტეტი, როდესაც მთლიანად ხელისუფლება აქვს მიტაცებული "ქართულ ოცნებას," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ მემორანდუმში მონაწილეობას, რომელსაც ოპოზიციიდან პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა მოაწერა ხელი.
"ევროპული საქართველო" ნამდვილად არ აპირებს ამ მემორანდუმის შეერთებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც ერთ-ერთ რაუნდზე წარმოადგინა "ქართულმა ოცნებამ", რაზეც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ იქვე უარი განაცხადა. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და ასევე, მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები, ოღონდ იმ ჩარჩოში, რაზეც საუბარი იყო და არა იმაზე, რაზეც "ქართული ოცნების" ორმა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.
”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შევა თუ არა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მემორანდუმში, რომელსაც ალეკო ელისაშვილმა ხელი მოაწერა, არ არის პოლიტპატიმრების მუხლი და ვადამდელი არჩევნების თემა.
"მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ელისაშვილი სად შევა და სად გამოვა. ჩვენი დღის წესრიგი იგივეა. არ აქვს მნიშვნელობა ელისაშვილი პარლამენტის შიგნიდან გააგრძელებს თუ გარედან სხვა ოპოზიციაზე ჭორაობას. ამ მემორანდუმში არ არის პოლიტპატიმრების მუხლი და ვადამდელი არჩევნების თემა. ის თემები კი რაც არის, კიდევ უფრო გაუარესებულია,"- აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, მე-10 მოწვევის პარლამენტში საკუთარ სავარძლებს მომავალი კვირიდან დაიკავებენ.