დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Pfizer-ის 30 ათასი ვაქცინით, რომელსაც საქართველო თებერვალში მიიღებს, 15 ათას მედიკოსს აცრიან. ვაქცინაცია ორ ეტაპად ჩატარდება. ქვეყანაში სულ 46 ათასი მედპერსონალია, თუმცა თებერვალში ყველას იმუნიზაცია ვერ მოხერხდება. აცრა თავდაპირველად არ გაუკეთდებათ არც რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს.
"საავადმყოფოდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოთხოვილია ეს პერსონალური ინფორმაცია, პირველ რიგში, სამედიცინო დაწესებულებებს შორის უპირატესობა მიენიჭებათ უშუალოდ კოვიდთან მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებს.
მედიკოსების ნაწილს გადატანილი აქვს ინფექცია და ჩვენ იქ დაშვება გავაკეთეთ, რომ სამი თვის წინ ვისაც აქვს გადატანილი ინფექცია, ის შეიძლება აიცრას და სამი თვის განმავლობაში, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ აცრისგან.
თუ ეს 15 ათასი დოზა, რადგან ორჯერ უნდა გაკეთდეს, არ ეყო სამედიცინო პერსონალს და დიდი ალბათობით, რა თქმა უნდა, არ ეყოფა, შემდეგ უკვე AstraZenec-ს ვაქცინა შემოდის, დაახლოებით, 15 მარტამდე, ასე ვფიქრობთ და შემდგომ გაგრძელდება, იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი არის პირველი პრიორიტეტული ჯგუფი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორ მოქმედებენ კოვიდვაქცინები COVID-19-ის წინააღმდეგ, ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "კურიერთან" ისაუბრა და ვაქცინის შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი განმარტა:
"როდესაც ადამიანს უკეთდება ეს მესენჯერული RNA-ის ვაქცინა, რომელიც სპეციფიკურ ცხიმოვან გარსში, ანუ პოლიეთილენგლიკოლშია გახვეული, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას რამდენიმე საათის შემდეგ დაიშლება, მაგრამ სანამ დაიშლება, ჩვენს ორგანიზმში იწყება ამ სპაიკ ცილის სინთეზი. ამის შემდეგ იწყებს, უკვე, ჩვენივე ორგანიზმი ჩვენსავე ორგანიზმში წარმოქმნილი ცილის მიმართ ანტისხეულების სინთეზს და ყალიბდება იმუნური პასუხი, ანუ ამ ტიპის ვაქცინები არის, ამ გაგებით, ყველაზე უსაფრთხო, რადგან მასში საერთოდ არ შედის ვირუსული კომპონენტი," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც გვერდით მოვლენებს დააკვირდება. ასევე უნდა დაიწყოს საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწოდებს ინფორმაციას იმუნიზაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
"პირველად აიცრებიან ექიმები და ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს აცრები როგორ ჩატარდება, იმიტომ რომ ყველამ იცის, ექიმებს შემდეგ აქვთ უამრავი კონტაქტი, საკუთარ პაციენტებთან და უამრავ ადამიანთან და შესაბამისად, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თუ ექიმებმაც დაინახეს, რომ ვაქცინა მიდის ჩვეულებრივად, ყოველგვარი გართულების გარეშე, ისინი კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მისცემენ პაციენტებს, უფრო დარწმუნებული იქნება ხალხი, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ერთი რამ, რაც მე მაკლია, საქართველოში არ ჩატარდა ის საინფორმაციო კამპანია, რომ მოსახლეობისთვის მიეწოდებინათ ზუსტი ინფორმაცია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - კარგი იქნება, საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს მიეწოდებინა ინფორმაცია, არის თუ არა, ჩამოყალიბდა თუ არა სისტემა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს გვერდით ეფექტებს, თუ ისინი დაფიქსირდა საქართველოში," - აცხადებს ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.