03 სექტემბერი 2026,   22:15
ვრცლად
ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე

ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს იმ კლინიკების ჩამონათვალი უნდა გაასაჯაროოს, სადაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდება. ცნობილია, რომ მედიკამენტის გადანაწილება მხოლოდ 3 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში მოხდება. ამის მიზეზი კი Pfizer-ის ტიპის ვაქცინის შენახვის განსაკუთრებული პირობებია - 70 გრადუსი. ვაქცინაცია ქვეყანაში რამდენიმე კვირაში იწყება. პირველ ეტაპზე 15 000 მედიკოსს აცრიან. საქართველო მარტის მეორე ნახევარში კოვაქს პლატფორმიდან დამატებით დოზებს კიდევ ელოდება, ამჯერად უკვე AstraZeneca-ს, რომელსაც განსაკუთრებული ლოჯისტიკური ბაზა არ ესაჭიროება.

"საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზას, ეს იქნება, დაახლოებით, 30 000 დოზა. საქართველოსნაირი ქვეყანა არის 200-მდე მსოფლიოში და ის, რომ პირველ ხუთეულში მიიღო ვაქცინა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა უნდა. მარტის თვეში ქვეყანა მიიღებს დამატებით დოზას 150 000-დან 300 000-მდე. სავარაუდოდ, AstraZeneca-ს, რომელიც ასევე უმაღლესი კლასია.

ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამარცხების გზა," - აცხადებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები