გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე, სრულწლოვანი ბრალდებული პირების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ანი გაბეჩავა იკითხება, რომელიც სასამართლოს დაბადების დღეზე განვითარებულ მოვლენებზე მიაწვდის ინფორმაციას.
"ანა გაბეჩავას უკვე ორჯერ აქვს გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია. დღეს იგი იკითხება ასევე ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში. ის გამოძიებას მიაწვდის სრულ ინფორმაციას, რაც მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი," - აცხადებს ანი გაბეჩავას ადვოკატი ლიკა ბითაძე.
თენგო ბარბაქაძის ადვოკატი კი აღნიშნავს, რომ თუ დაკითხვის დროს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელი და გვარი გაჟღერდება, მას მთელი რიგი კითხვები ექნება.
"იქნება ჯვარედინი დაკითხვა, ჩვენ ამ პრივილეგიით ვსარგებლობთ. თუკი პირდაპირი დაკითხვის შემდეგ გაიჟღერებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახელი და გვარი, ბუნებრივია მექნება მთელი რიგი კითხვები," - აღნიშნავს თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.